► მეტამორფოზა ნოტებში


ჯერ მამაშენმა და ბიძაშენმა წაიღეს ტვინი და ახლა შენო, ბებიაჩემი ამბობდა ხოლმე იმ პერიოდში, როცა პირველად დავიწყე როკის საფუძვლებში ქექიალი. შვიდი წლის ვიყავი მაშინ, თუ რვის, არ მახსოვს... დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ რაც ბავშვურად არ მემავნებლა, კედლის საათის ქანქარა არ მომეხსნა და მაგიდის ქვეშ არ დამემალა, მამაჩემის ანალოგური დისკები ხალიჩის ქვეშ არ შემეცურებინა, კედლიდან შპალერის ახევით არ შემექცია თავი და ა.შ. და აჰა, დადგა ჟამი, როდესაც მავნებლობის ახალი ეტაპი უნდა დაწყებულიყო, უფრო აზრიანი და მიზანმიმართული, მიზეზიც მომეცა (მადლობა ბებოს) და საქმეს შევუდექი. სეზონი იმით გავხსენი, რომ მოვიფიქრე, როგორ შეიძლებოდა წნევიანი ქალისათვის კიდევ უფრო დამემძიმებინა მდგომარეობა. იარაღს მისივე დახმარებით მივაგენი. ეს იყო მუსიკა! მაღალ ხმაზე ჩართული როკ მუსიკა. თავდაპირველი ტყვიები არც ისე მსხვილ კალიბრიანი იყო და მათ როლს ასრულებდნენ The Beatles-ის საკმაოდ მსუბუქი ნაწარმოებები, ისეთები, როგორებიც არიან I've Got a Feeling, Come Together, Let It Be და ა.შ. მაგრამ დროც გადიოდა და მუსიკალურად მალე ვიზრდებოდი, მალე ვიზრდებოდი და სწრაფი ტემპით იზრდებოდა ბებიაჩემის წნევის მაჩვენებელიც. პირველი გადადგმული ნაბიჯიდან დაახლოვებით ნახევარ წელიწადში ჩემი იარაღის ტყვიის კალიბრი Led Zeppelin-ამდე და Deep Purple-ამდე გაიზარდა. ახლაღა შევდივარ მათი ბებოების მდგომარეობაში, ვინც ბაშვობიდან მეტალზე ზის (მეტა: ყვავა, კოზმანა და ა.შ.).
ბებიაჩემისაც მესმის. გიტარაზე დაკვრა ვიციო, თავს იწონებდა და ჩემი გიტარა პირველად რო ვანახე, ეს რა არი, ერთი სიმი აკლია და ასაწყობიაო. ზედმეტად ჩავთვალე იმის თქმა, ეხლა შვიდსიმიანზე აღარავინ უკრავს მეთქი, გული გაუტყდებოდა და დავეთანხმე, კი ბებო, მეშვიდე კოლკა მომიტყდა გრიფის გალოვკაზე და სიმიც მოვხსენი მეთქი.

არადა მუსიკა, ჩემო ქიმიურო კი არა და მუსიკალურო ძმაო. Что есть МУЗЫКА. ძალიან დიდი ხანია ვცდილობ მუსიკის ფენომენის ახსნას სიტყვებით, არადა ნოტებს იქით არ ხერხდება ამის გაკეთება და რა ვუყო...
მუსიკალური განვითარების გზას ყველა სხვადასხვანაირად გავდივართ. მეც რაღაცნაირად გავიარე (სხვათაშორის ბებიაჩემმაც). კაცმა რომ თქვას, დღე გვღვიძავს და ღამე გვძინავს და მუსიკის გავლენას ვერც ვამჩნევთ, მაგრამ ასე არაა. მუსიკა დიდ გავლენას ახდენს, არა მხოლოდ ადამიანის ყოველდღიურობაზე, არამედ მთლიანად მის ცხოვრებაზე. არც ისე ხშირად ვფიქრობ ამაზე, მაგრამ როცა ვფიქრობ, ამ დასკვნამდე მივდივარ. კარგი მომენტი ისაა, რომ ვიცი, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ამაში აუცილებლად დამეთანხმება, რომლის ნამღერის მოსმენასაც არცერთი მომღერლის ხმის გაგონება არ მირჩევნია. სხვათაშორის ამ კაცის მეზობლები ალბათ ყველაზე ბედნიერი მეზობლები არიან. ყოველი დილის რვა საათზე ლიფტიდან დაახლოვებით 10-15 წამის განმავლობაში უნიკალური ხმა ესმით, კედლის მეზობელი ხო საერთოდ. ის მთელი დღის განმავლობაში ტკბება.
ამ ბოლო დროს ჩემი მუსიკალური მოთხოვნილების თითოეულეტაპობრივ სწორხაზოვნებაში მერყეობა შევნიშნე. ეტყობა დამკაში გავედი. ისე ჟღერს, გაზმანოვის ფანები რომ პასუხობენ ხოლმე კითხვაზე ”რას უსმენ”, ”რავი, ყველაფერს ბრატ”, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დღეს ბეთჰოვენს ვუსმენ, მეორე დღეს ვან დერ გრაფს და მესამე დღეს ქრიდს. ასე მივდივარ მივდივარ და Point Of Restartამდე გავდივარ ხოლმე. დღეს კიდევ ბიტლზი, ისევ იქ მივედი საიდანაც დავიწყე (იხ. ღიღინალური ამოჩემება). მივედი და გათენდა კიდეც. ექვსს გადაცდა უკვე.
როგორ მინდა ერთხელ მაინც ისეთ ზრდასრულ ადამიანს შევხვდე, რომელსაც არასოდეს არანაირი მუსიკა არ მოუსმენია. მერე ალბათ ვიპოვი მუსიკის განმარტებას.

3 კომენტარი: